მმართველი გუნდის ოპონენტები ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ტერმინის არასწორ გაგებას უწოდებენ - მათი თქმით, შეუძლებელია ეპიდემიურ სიტუაციაში არ არსებობდეს პიკური მდგომარეობა.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ვატო სურგულაძე კი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ პიკის არარსებობა შეუძლებელია.
„რომ არ იყოს პიკი, ასეთი რაღაცა არ არსებობს - პიკი შეიძლება იყო მაღალი, დაბალი ან საშუალო, მაგრამ აუცილებლად იქნება. მივაღწევთ რაღაცა რაოდნეობას, შემდეგ იქნება პლატო და დაიწყებს კლებას. პირდაპირ პლატოზე წავედითო, ეს პიკის არასწორი გაგებაა", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიანი მასობრივი ტესტირებების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც მთავრობის ოპონენტები ამბობენ, არსებული ალგორითმი არ გამოიყენება რეალურად ვირუსთან ბრძოლაში და ის მხოლოდ ფურცელზე დარჩა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დღეში 10 ათასამდე ტესტირება ჩატარდეს, რათა სრული სურათი მივიღოთ დაავადების გავრცელების და, შესაბამისად, მალე ამუშავდეს ეკონომიკაც.
„საქართველოში უნდა იყოს ნამდვილი მასობრივი ტესტირება - ნიშნავს ეს 10 ათასი ტესტის გაკეთებას ყოველდღე. ამ ნიშნულზე უნდა მივიდეს, რომ დროულად გავხსნათ ეკონომიკა და შიმშილით არ ამოვხოცოთ ხალხი. თავიდან ამბობდნენ, რომ მასობრივი ტესტირება არ იყო საჭირო, ახლა მიზნობრივზე გადავიდნენ - არადა მთელი მსოფლიო ამბობს, რომ უნდა იყოს მასობრივი ტესტირება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შემუშავებული ალგორითმი არ გამოიყენება ადეკვატურად და ტესტირება ისევ მხოლოდ ინფიცირებულთა კონტაქტებს უტარდებათ, რაც სრული სურათის დანახვას ხელს უშლის.
„ზეწოლის შედეგად ჯანდაცვის სამინისტრომ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა ალგორითმი და განსაზღვრა რისკჯგუფები, რომლებსაც რეგულარული ტესტირება უნდა ჩატარებოდა. ეს დიაგნოსტიკის ალგორითმი დარჩა ფურცელზე და ტესტირება კვლავ მხოლოდ ინფიცირებულთა კონტაქტებს უტარდებათ", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.