logo
ENG



პირველ არხზე გორგილაძის გადაცემის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

16 დეკ 202312:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/y2y4bg78e8i9qwf.png
პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ორგანიზატორები ტექსტში პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ გადაცემის დახურვა "მოულოდნელი და არამოტივირებულია".

ტექსტის ავტორების განცხადებით, არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად - მათი თქმით, არჩევნებამდე 1 წლით მიდი ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.

დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.

ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.


close დახურვა