logo
ENG



პირი, რომელიც არასრულწლოვნის პირადი ცხოვრებით შანტაჟის ბრალდებით დააკავეს, ყოფილი ბერია

13 სექ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლევან ჯალაღონია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოტყუებით გადააგზავნინა.

"მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ირკვევა, რომ დაკავებული ყოფილი სასულიერო პირია. იოანე ჯალაღონია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა ბერად 2016 წელს აღკვეცა და ნამდვილად ირიცხებოდა სამონაზვნო დასში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 9 სექტემბერს წერდა, რომ "გავრცელებული ცნობით, ბერი იოანე (ერისკაცობაში - ლევან ლუკას ძე) ჯალაღონია არასრულწოვანზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სოციალური ქსელით გაგზავნილი ფოტოების საფუძველზე აშანტაჟებდა მას".

საპატრიარქოს განცხადებით:

"როგორც ირკვევა, ბერი იოანე საზოგადოებაში თვითნებურად თავს მღვდელ-მონაზვნად წარმოაჩენს, ასევე თვითნებურად აღასრულებს მღვდელმოქმედებას, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და შეჰყავს შეცდომაში. ბოლო დროს ბერ იოანეზე რამდენიმე საჩივარი შემოვიდა საქართველოს საპატრიარქოშიც, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოანე ჯალაღონია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) 2016 წელს აღკვეცა ბერად და იგი ნამდვილად ირიცხებოდა ეპარქიის სამონაზვნო დასში. თუმცა მოგვიანებით საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, მღვდელმთავართან შეუთანხმებლად მონასტრის თვითნებურად დატოვების, დაუმორჩლებლობისა და ეპარქიაში შფოთის შემოტანისთვის არაერთხელ მიეცა მკაცრი გაფრთხილება, ბოლოს კი, საეკლესიო წესდებათა დარღვევისთვის, აეკრძალა წმინდა ზიარების მიღება. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დატოვა ეპარქია, თვითნებურად ატარებდა მღვდელმოქმედებას და აგრძელებდა მორწმუნეების დაბრკოლებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბერ იოანე ჯალაღონიას ნებისმიერი მსგავსი (საღვთისმსახურო) ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი".

პროკურატურამ ლევან ჯალაღონიას ბრალი დღეს, 13 სექტემბერს წარუდგინა და სასამართლოსაც მიმართა შუამდგომლობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს.


close დახურვა