პირი, რომელიც თამთა თოდაძის დედის თქმით, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სახელით, ოჯახს უკან დახევას ურჩევდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს. მამუკა ფეიქრიშვილმა პოლიციის ისნის სამმართველო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ფორმულა news“-ი შეეცადა, ფეიქრიშვილთან სატელეფონო კომენტარი ჩაეწერა, მაგრამ მან განაცხადა, რომ არ ეცალა და შსს-ს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
ამ წუთებში კი ისნის სამმართველოში სასწრაფო დახმარების ექიმებს ელოდებიან, რომლებმაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს თამთა თოდაძეს, როდესაც ინციდენტის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ ისნის სამმართველოში, ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვები ერთი კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ შსს-ს ბრალი არავისთვის წაუყენებია. გარდა ამისა, ამ დრომდე თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. მან ამ მოთხოვნით პროკურატურას დღეს მიმართა.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ილია ჯიშკარიანი, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალი" ინფორმაციას არ ავრცელებს. კლინიკაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ის ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც ცნობილია შსს-მ მაჟორიტარი დეპუტატი უკვე გამოკითხა, მაგრამ ბრალი ამ საქმეზე ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.