პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
ნინო ლომჯარია გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებს შესაძლებლობა აქვთ ომბუდსმენს კითხვები დაუსვან.
დოკუმენტში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
მომავალ კვირას, სახალხო დამცველი წლიური ანგარიშით პლენარულ სხდომაზე წარდგება.
საპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს.
2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა.
2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.
გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ის საქმეები (2013-2020 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით) სადაც პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარის, ცემის, გამოძალვის, ეკონომიკური დანაშაულების, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა) თაობაზე.
სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას.
2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება.
ანგარიშის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა.
ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ 1 პირი ცნეს.
სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსამართლეთა განწესებას, საქმეთა განაწილების ელექტრონულ პროგრამას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლოს სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით.
თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს.
დოკუმენტის თანახმად, ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე. ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ.
2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებულია. ჟურნალისტების განსხვავებული აზრის და ხელმძღვანელთა მიმართ ღიად გამოხატული კრიტიკის გამო, აჭარის ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახალხო დამცველმა ჟურნალისტების შრომითი უფლებების დარღვევად ან/და პირდაპირ დისკრიმინაციად შეაფასა.
ომბუდსმენის წლიური ანგარიში სრულად იხილეთ აქ.