უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ რუსი სამხედროები ხერსონისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
"პუტინს იმედი აქვს, რომ რუსი სამხედროები ხერსონისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, რათა ლიდერმა "სახის შენარჩუნება" შეძლოს. მაგრამ ისინი დაკავებულები არიან: ნაძარცვის გაყოფით და წართმევით, გაქცევის მოლოდინში. როდესაც ძარცვა სისტემის ნაწილი ხდება, დისციპლინისთვისა და მებრძოლი სულისთვის ადგილი არ რჩება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელმა დამცველებმა 1600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამასთან, უკრაინის ცნობით, მხოლოდ ხერსონის რეგიონში 75 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული.
უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებით გრძელდება. 9 ოქტომბრის მონაცემებით, ხერსონის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1170 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.