უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ბრძოლის გარეშე ტოვებს ხერსონს.
"ქმედებები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები. უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ბრძოლის გარეშე ტოვებს ხერსონს. რუსული დაჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება ქალაქში, დამატებითი რეზერვები რეგიონში ჯგუფდება. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემების და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების საფუძველზე", - წერს პოდოლიაკი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა - როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის ჯარები დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადადიან.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა. სუროვიკინი თავის შეთავაზებას იმით ხსნის, რომ დნიპროს მარცხენა მხარეს თავდაცვის ხაზის ორგანიზება უნდა დაიწყონ.