logo
ENG



პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილი ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს

28 ნოე 201920:03
3 წუთის საკითხავი
clock 615
ix11qvkn1bdefaz.png

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დამწუხრებულია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩადგებაში დრამატულს ვერაფერს ხედავს. ყველას, ვისაც ე.წ. პოლიტიკური აფიორის გამო პროტესტი გაუჩნდა, "ნაციონალს" უწოდებს. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა საათნახევარში დაახლოებით 30 ჯერ ახსენა "ნაციონალური მოძრაობა", ამაზე მეტჯერ კი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

წინა ხელისუფლების დროს არსებული რეალობის ხატოვნად შესაფასებლად, ივანიშვილმა ჯორჯ ორუელის 1984 წარადგინა და წიგნს, რომელიც 70 წლისაა, საუკუნოვანი უწოდა. ოპოზიციის გარდა, ივანიშვილი მტრის ხატს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც ქმნის. ლიდერის პოზიციებს უტყუარ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ "ქართული ოცნების" წევრები, მათი ნაწილი დღეს ივანიშვილის ანალიზს სიტყვა-სიტყვითაც იმეორებდა. ბიძინა ივანიშვილი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობას ცალმხრივ დაპირებას უწოდებს. "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს ,რომ გუნდი პირობის შეუსრულებლობას განიცდის, მაჟორიტარების ამბოხება კი ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა გამოიწვია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უჭირს გაიხსენოს ის მნიშვნელოვანი დაპირებები, რომელიც პარტიამ 7 წლის განმავლობაში ვერ შეასრულა. 

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის გუშინდელ ინტერვიუს მინისტრთა კაბინეტის წევრების საერთო აღფრთოვანება მოყვა. ხელისუფლების დაპირების შეუსრულებლობას ისინიც ოპოზიციას უკავშირებდნენ. ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს საფუძველზე ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ოცნების" ლიდერი რეალობას ჯანსაღად ვერ აფასებს. ივანიშვილის ინტერვიუს მმართველი გუნდი დღეს კანცელარიაში მთავრობის სხდომის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე აფასებდა.

 

 


close დახურვა