ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, რაც ოპოზიციას ბოიკოტის რეჟიმში ტოვებს, - პოლიტპატიმრებია. საარჩევნო ცვლილებების პროექტის ინიცირების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია. პოლიტპატიმრები ისევ ციხეში არიან. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი მორიგ პირობას გატეხს, ეს შესაძლოა მას, საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი წნეხის შედეგად შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების ფასად დაუჯდეს.
საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს არ წყვეტს და საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას არ აპირებს. „ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათთვის გადამწყვეტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებაა. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, არც საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებენ.
„ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა საყოველთაო - სახალხო განხილვას არ დაესწრებიან. ოპოზიციისთვის გადამწყვეტი პოლიტიკური პატიმრების თემაა.
ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოპოზიციას ბოიკოტის მოხსნას ურჩევს . „ქართული ოცნების“ გუნდს სჯერა, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება და მას მხარს პარლამენტის ყველა წევრი დაუჭერს. უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციას მოუწოდებს შეთანხმების პირობა არ დაარღვიონ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, თუმცა მმართველმა გუნდმა ყველა პირობა უნდა შეასრულოს.
შეთანხმების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო ბოიკოტს ხსნის. ირმა ინაშვილმა მმართველ-გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების დეტალებზე მედიასთან ისაუბრა და დაადასტურა, რომ საუბარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების შესახებ იყო .
„ქართულ ოცნებას“ პირობების შესრულებას სთხოვს არასაპარლამენტო ოპოზიცია. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გამოშვება არ მოხდება, მათ საკუთარი გეგმა აქვთ.
როგორ გაიმართება საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ჯერ უცნობია, თუმცა პროექტის პირველი კენჭისყრა მაისამდე უნდა მოხდეს.