logo
ENG



პოლიცია ბანერების გამო პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავებას აგრძელებს

02 ივნ 202323:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/02/vknuxzeyjrvbagc.jpg
კადრი ვიდეოდან / მარიამ ნიკურაძე

პოლიცია პარლამენტის წინ აქციაზე ბანერების გამო მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს.

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ დააკავეს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ცარიელი ფურცელი ეჭირა. იურისტი გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ დაკავებულებს შორისაა ნიკა რომანაძე და საბა ბრაჭველიც.

"პარლამენტთან ვართ, გადაგვიარეს და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს-მასიურზე წარწერები ჰქონდა ღარიბაშვილს ახასიათებდა, ჯერ მაისური გაახდევინეს, ახლა დააკავეს. ველოდებით სასწრაფოს. პ.ს. დაკავებული არასრულწლოვანია", - წერს სოცქსელში აქტივისტი ნიკა ფარულავა.

დღეს პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა. 

ამის შემდეგ პარლამენტთან უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მისვლა. 


close დახურვა