პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სულ დაკავებულია 5 აქტივისტი, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი დაკავებული გიორგი მუმლაძეა.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიციელები უკანონოდ იქცევიან და მათ კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.
„ზუსტად რამდენი დააკავეს, ვერ გეტყვით. კონსტიტუციის ასი წლის იუბილეზე გვინდოდა წაგვეკითხა ამ ვაჟბატონებისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლება ასი წლის წინ იყო კონსტიტუციით გათვალისწინებული", - ამბობენ აქტივისტები.
სამოქალაქო აქტივისტების მცდელობას, კარვები გაეშალათ პარლამენტის წინ, პოლიციასა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
„მონებითაა სავსე აქაურობა. ღარიბაშვილის ბრძანებაა, რომ ყველა დაიჭირონ. ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ, ჩვენი პოლიციის პრიორიტეტი ღარიბაშვილის ბრძანებების შესრულებაა და არა კონსტიტუცია. ვნახოთ, ვისი აჯობებს", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.
შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა.
საქართველოს მთავარი კანონით, "ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება".
აქტივისტებისთვის კარვის გაშლის ხელის შეშლით პოლიცია კონსტიტუციას არღვევს.
21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა. დამფუძნებელთა კრებამ 100 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს ქვეყნის პირველი მთავარი დოკუმენტი მიიღო.