logo
ENG



პოლიციამ კანცელარიასთან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კარავი წაართვა

13 აპრ 202101:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/13/2axm2avq8w5368u.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს - გურამ გოგიშვილს და ცოტნე ჯაფარიძეს კარავი ჰქონდათ გაშლილი, ხმაური იყო.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს კარავი წაართვეს.

"უკანონოდ მოგვპარეს კარავი. კანონით, ადმინისტრაციული შენობიდან 20 მეტრის დაშორებით კარვის გაშლის უფლება გვქონდა, მაგრამ აიღეს და წაიღეს. კონსტიტუცია არის კანონზე მაღლა, კონსტიტუციით გვაქვს უფლება ერთ ადგილზე ვიდგეთ და გავაპროტესტოთ ის, რაც ჩვენ გვინდა, შესაბამისად კონსტიტუციაც დაარღვიეს", - განაცხადა გურამ გოგიშვილმა.

ამასთან, პოლიციამ ცოტნე ჯაფარიძე კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით, 2 000 ლარით დააჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძეს ერთ-ერთი ტელევიზიისგან საშვი ჰქონდა და გადაადგილება 13 აპრილის 02:00 საათამდე შეეძლო.

"საქმე გვაქვს სრულ აბსურდთან. მოვედით, კარავი გავშალეთ და წაგვართვეს. შემდეგ წაიღეს გამოგვართვეს პირადობები და გამოგვიწერეს ჯარიმა, როდესაც მაქვს ტელეფონში გადაადგილების საშვი, რომელსაც ვადა აქვს ღამის 2 საათამდე. ეს გამოგზავნილია ოფიციალურად შსს-დან. მიუხედავად იმისა, რომ საშვი არსებობს, საოცრება მოხდა და მაინც გამოწერეს ჯარიმა 2 000-ლარიანი, რომელიც არ ჩავიბარე და აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ჯაფარიძემ Facebook Live-ში.

გოგიშვილი და ჯაფარიძე უკვე მესამე დღეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შეზღუდვების შემსუბუქებას და კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ.


close დახურვა