logo
ENG



პოლიციამ რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართა

14 აპრ 202108:59
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. აქტივისტების ინფორმაციით, ბარიკადები გამთენიისას აღმართეს.

"ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს არ გვეძლევა სახლში შესვლის უფლება იმიტომ, რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, ახლა ჩვენი ერთიანობაა საჭირო იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით მთელ ამ ამბავს, რაც აქ ხდება", - აცხადებს აქციის მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, ჯერჯერობით აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში რჩებიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან. 

"ჩვენ აქ ვრჩებით, ველოდებით მოვლენების განვითარებას, რა ნაბიჯები გადმოიდგმება იმ რეპრესიულ დიაპაზონში ხელისუფლების მხრიდან და ამის შემდეგ, ალბათ, რა თქმა უნდა, ჩვენი აქციები გადაინაცვლებს დედაქალაქში", -ამბობს გოლეთიანი.

რკინის კედლებს აქტივისტების მხრიდან პროტესტი მოყვა. ისინი ბარიკადებს სხვადასხვა ნივთებს ურტყამენ. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ღამით, სოფელ გუმათში, კომპანია ENKA-ს ოფისთან, "რიონის მცველებსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. 

მაშინ, როცა დემონსტრანტებმა კომპანიის ოფისთან გადმოინაცვლეს, გადაკეტეს ნამოხვანამდე მისასვლელი გზა. თქვეს, რომ გაატარებდნენ მოსახლეობას, კომპანია ENKA-ს თანამშრომლებს და მათ კუთვნილ მანქანებს კი გადაადგილების უფლებას არ მისცემდნენ.  

დაპირისპირების შედეგად 6 აქტივისტია დაკავებული.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ინციდენტი ადგილზე სწორედ ენკას მანქანის მოსვლას მოჰყვა.

უწყება დაკავებებს იმით განმარტავს, რომ პოლიციის მიერ გაფრთხილების მიუხედვად, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი. 

დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ. 

 


close დახურვა