logo
ENG



პოლიციის უმოქმედობის ფონზე, მასობრივი ძალადობის შემდეგ, ძალადობა პრეზიდენტმაც დაგმო

05 ივლ 202117:23
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პოლიციის უმოქმედობის ფონზე მასობრივი ძალადობის შემდეგ ძალადობა პრეზიდენტმაც დაგმო.

მას შემდეგ, რაც პრორუსული, მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, პოლიცია კი უმოქმედო იყო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობა დაგმეს. 

განცხადება პოსტ ფაქტუმ გაავრცელა სალომე ზურაბიშვილმაც. 

მან დაწერა: 

"ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო.

ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი!

მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას. 

მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები.

მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ!

მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას!". - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ამ წუთებში, ჟურნალისტებზე სასტიკად ძალადობის შემდეგ, პატრიარქის მოსაყდრე შიო პარაკლისს იხდის. 

დღეს, 5 ივლისის დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდებოდა.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო. 

აშშ-ის და ევროკავშირის, ასევე სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო მძიმე დაზიანება, რამდენიმეს ოპერაციაც დასჭირდა. თუმცა, შსს-ს არავინ დაუკავებია. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 


close დახურვა