პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
სამინისტრო განმარტავს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ვერტმფრენებმა წვრთნების დროს, რომელიც საზღვართან ახლოს ტარდებოდა.
"სასაზღვრო გადაკვეთა მოხდა ქალაქ ბელოვეჟასთან ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რამაც რადიოლოკაციური სისტემებით ამის აღმოჩენა გაართულა. შესაბამისად, დღეს დილით პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა", - აცხადებენ უწყებაში.
მომხდარის შემდეგ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე ჩართული იქნას დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.
ოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთმა მომხდარის შესახებ NATO-საც შეატყობინა და ქვეყანაში ბელარუსის დროებით რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა.