logo
ENG



პოლონეთის პარლამენტმა მედიის შესახებ სადაო კანონი მიიღო

12 აგვ 202111:11
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის პარლამენტმა მიიღო სადაო კანონპროექტი, რომელიც უცხოურ კომპანიებისთვის ადგილობრივ მედიაბაზარზე შესვლას ართულებს.

მთავრობის განცხადებით, ცვლილებები აუცილებელია, რათა მტრულად განწყობილმა უცხოურმა ძალებმა ვერ შეძლონ სამაუწყებლო კომპანიების ხელში ჩაგდება. საუბარია რუსეთსა და ჩინეთზე. 

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი მიმართულია ტელეკომპანია TVN-ის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკულ კომპანია Discovery Inc-ს ეკუთვნის. არხი ხშირად აკრიტიკებს მმართველ პარტიას. კანონის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ცვლილებები ცენზურის დასაწყისი გახდება.

სამშაბათს პოლონეთის დიდ ქალაქებში ათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა და კანონის მიღება გააპროტესტა. 

მედიის კანონზე უთანხმოების გამო პოლონეთში მმართველი კოალიცია დაიშალა. 11 აგვისტოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გადააყენა ვიცე-პრემიერი და პარტია თანხმობის ლიდერი, იაროსლავ გოვინი. ერთ-ერთი მიზეზი, მედიის კანონსა და საგადასახადო რეფორმაზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

პარტია თანხმობამ დატოვა კოალიცია, რომელსაც პარტია კანონი და სამართლიანობა ხელმძღვანელობდა. კონსერვატიულ კოალიციას ახლა საჭირო 231 ხმის ნაცვლად 219 აქვს.

ევროსაბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, დონალდ ტუსკი, რომელიც პოლონეთში დაბრუნდა, აცხადებს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.


close დახურვა