პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო. ამის შესახებ მან აუდიენციის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველო-პოლონეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
"ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მაშინ მასთან განვიხილეთ პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს"- თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტი ქვეყანაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ზბიგნევ რაუ საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.