პოლონეთის სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რეზოლუცია ცოტა ხნის წინ მიიღო. მას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტი სეიმის სხდომაზე პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ წარადგინა. ის საქართველოში ორჯერ იმყოფებდა და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებამ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცა.
გარდა ამისა, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გაერთიანდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.
"სამედიცინო დიაგნოზები მიუთითებს მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებასა და სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით სპეციალიზებულ მკურნალობაზე, რაც საქართველოში შეუძლებელია სათანადო სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო
პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტი მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, დაიცვან ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს ნებართვა, მიიღოს გადაუდებელი სპეციალიზირებული მკურნალობა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც რეკომენდირებულია ექიმების მიერ. პოლონეთის სეიმი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებს სოლიდარობისა და შეუპოვარი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად", - აღნიშნულია რეზოლუციის დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში მითითებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოთქმული აქვს მზადყოფნა, რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდეს და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.