logo
ENG



პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

15 დეკ 202208:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/15/y0iqj8x4f1yrg2z.jpg

პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

როგორც მიღებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის გაეროს წესდების "უხეში დარღვევა", ასევე "უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".

"რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებული უნდა იყოს", - ამბობენ სეიმში.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთს "პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე 2014 წლის ივლისში, რა დროსაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი", ასევე სმოლენსკში მომხდარ ავიაკატასტროფაზე, 2010 წელს, რომელსაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონელი მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურები ემსხვერპლნენ - სულ 96 ადამიანი.

"რუსი სამხედროები ახორციელებენ თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც უკვე დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი. რუსეთის ფედერაცია და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურები და შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, სექსუალურად ძალადობენ და აწამებენ მოქალაქეებს, ასევე ბავშვებს იტაცებენ ოჯახებიდან და გაჰყავთ ქვეყნიდან მათი შემდგომი რუსიფიკაციის მიზნით, ხდება მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია, უკრაინის მოქალაქეების იძულებითი გაწვევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ქონების წართმევა. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენცია ტყვეებთან მოპყრობის შესახებ", - ნათქვამია რეზოლუციაში.

***

23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ევროპარლამენტარებმა ახალ რეზოლუციაში ევროკავშირს მოუწოდეს, რომ რუსეთი საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო იზოლირებული გახადონ. 


close დახურვა