პოლონეთის სეიმმა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. ტექსტში, სეიმი მიმართავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიაზე მტკიცე რეაგირებისკენ.
"პოლონეთის სეიმი შეშფოთებით აკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. მათი აქტივობები შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევისა და ევროპის დესტაბილიზაციის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
მივმართავთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირს, უზრუნველყონ უკრაინის სრული მხარდაჭერა, რომელიც ომის პირისპირ აღმოჩნდა.
ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს, რუსეთის ფედერაციას მტკიცე პასუხი გასცენ.
დღევანდელი კრიზისის ერთ-ერთი განზომილებაა რუსეთის ენერგეტიკული ზეწოლა ევროკავშირის ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით Nord Stream 2-ის გაშვებას, რომელიც არღვევს ერთიანობას", - წერია რეზოლუციაში.
სეიმმა გამოხატა მისი წინააღმდეგობრივი პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიმართ, "რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს და ძირს უთხრის წესრიგსა და მშვიდობას ევროპაში":
"მე-20 საუკუნის მაგალითით, მივიჩნევთ ჩვენს ვალდებულებად, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პარტნიორებსა და მოკავშირეებს საერთო ძალისხმევისკენ მოვუწოდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული კონფლიქტი ევროპაში".