პოლონეთის ქალაქ ლოძში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებმა 2023 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის 10 იანვრამდე რამდენიმე ავტომობილიდან დოკუმენტები, ძვირფასეულობა და ფული მოიპარეს.
პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებულები მანქანების საბურავებს განგებ აზიანებდნენ, მოგვიანებით კი როცა მძღოლი შექმნილი პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, მანქანიდან ნივთებს იპარავდნენ.
35, 43 და 46 წლის დაკავებულებს ბრალდება უკვე წარედგინათ. მათი დაკავება 29 იანვარს მოხდა, როდესაც პოლიციის განყოფილებაში ქურდობის შესახებ მორიგი ზარი შევიდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები ქურდობის შემდეგ სავალუტო ჯიხურში მივიდნენ, სადაც მათ უკვე პოლიცია ელოდებოდა. საქართველოს მოქალაქეებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.