პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, საუბარია 500 000 ზლოტზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქემ, 32 წლის კაცმა მიმდინარე წლის მარტში ქალს გაჩერებული მანქანიდან ჩანთა მოჰპარა, რომელშიც ხსენებული თანხა იყო.
პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაზარალებულმა ბანკიდან დიდი ოდენობით თანხა გამოიტანა და სახლში კუთვნილი ავტომობილით ბრუნდებოდა. გადაადგილებისას მან შენიშნა, რომ ერთ-ერთი ბორბალი დაშვებული ჰქონდა და გაჩერება მოუწია.
პოლიციაში ამბობენ, რომ კაცმა ჩანთა სწორად მაშინ მოჰპარა, როდესაც ქალი მანქანის შესაკეთებლად იყო გადასული. პოლიციაში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქე მომხდარის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ისევ პოლონეთში ჩავიდა - სწორედ მაშინ დააკავეს. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.