მას შემდეგ, რაც უნგრეთმა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა დაბლოკა, საპასუხოდ ევროკომისიამ უნგრეთს 16 მილიარდი ევროს სესხის გეგმის დამტკიცება შეუჩერა - ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა "RMF24" ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ შეჩერებული სესხი უნგრეთის "SAFE" თავდაცვის პროგრამის გეგმას ეხება.
იქამდე უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, ვიდრე კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი 20 მარტს აღნიშნა, რომ, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირი გამონახავს გზებს, რომ უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გადასცეს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ. თუმცა უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარე ამის მიზეზად ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმას ასახელებს, სლოვაკეთი და უნგრეთი კიევს ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.
