უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პოლტავის ოლქზე განხორციელებული რუსული შეტევის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანებული საცავებიდან სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა.
მიუხედავად იმისა, რომ უწყებას კონკრეტული რაიონი, ობიექტი და გაჟონილი ნივთიერება ოფიციალურად არ დაუსახელებია, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც დამცავტანსაცმლიანი და აირწინაღიანი სპეციალისტები შედეგებს ლიკვიდაციას უკეთებენ, ცისტერნები და გამაფრთხილებელი წარწერა – „მეთანოლი-საწამლავი“ ჩანს.
უკრაინული მხარის განცხადებით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამაშველო რაზმის სპეციალისტებმა დაზიანებული საცავებისა და გაჟონვის ადგილების ოპერატიული ჰერმეტიზაცია შეძლო, რამაც სამუშაოების უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება მისცა.
მომხდარს წინ უძღოდა პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოს დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსულმა დრონებმა ორ საწარმოსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე მიიტანეს იერიში, რის გამოც რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება (კონკრეტული ობიექტები არც ადმინისტრაციას დაუსახელებია).
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს დილით ზოგადი ცნობა გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინის 156 რაიონში დრონებითა და რაკეტებით დაარტყეს „სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“. -ინფორმაცია ვრცელდება უკრაინულ სოცმედეაში.
