შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამლვის გამო.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, თუ ნავალნის მოწამლვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, შეერთებული შტატები ევროკავშირის მოწოდებას ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებაზე მხარს დაუჭერს.
"შეერთებულ შტატები უკიდურესად შეშფოთებულია გერმანელი ექსპერტების მიერ გამოტანილი წინასწარი დასკვნით იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსი ნავალნი მოწამლეს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ევროკავშირის მოწოდებას ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების შესახებ და მზადაა დახმარებისთვის. ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებენ სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას", - აცხადებს პომპეო.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესმდივნის კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნი ომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. მფრინავს მოუწია თვითმფრინავი სასწრაფოდ დაესვა, რათა ნავალნი საავადმყოფოში გადაეყვანათ.
ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ნავალნი შარიტეს კლინიკაშია მოთავსებული. თვითმფრინავი, რომელსაც ნავალნი უნდა გადაეყვანა, ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation-მა გამოაგზავნა. 24 აგვისტოს გერმანულმა კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლული იყო.