ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე გააკეთა.
პრაისის თქმით, შეერთებული შტატები ამ ქვეყნებთან წლების განმავლობაში მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით და მათ გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.
"მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავდნენ დასავლეთთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობის სურვილს. აშშ მუშაობდა სამივე ქვეყანასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას მომავალშიც"- აცხადებს პრაისი.
17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.