აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი წლების განმავლობაში აღვივებდა კონფლიქტებს უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში.
მისი განცხადებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის აშშ და დასავლეთი სკეპტიკურად განწყობილი რუსეთის განცხადების მიმართ, რომ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგების მიზეზი მხოლოდ წვრთნებია.
10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ნედ პრაისმა თქვა, რომ აშშ-ს სურს, რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან თავიანთ ყაზარმებში - მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნდნენ. მისი განცხადებით, სწორედ ეს იქნება რუსეთის მხრიდან ვითარების დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
"ჩვენ გვინდა, რომ რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან თავიანთ ყაზარმებში დაბრუნდნენ. თუ ამას ვნახავთ, ეს იქნება დეესკალაციის ჩვენება. თუ იქ ნამდვილად არის წვრთნები - და ვფიქრობ, უნდა გესმოდეთ ჩვენი სკეპტიციზმი ამასთან დაკავშირებით - ჩვენ გამჭვირვალობის ნახვა გვინდა. გვსურს, რუსეთისგან მოვისმინოთ, კონკრეტულად რა წვრთნებს ატარებენ, რატომ - ამ მასშტაბით და როდის აპირებენ, დაუბრუნდნენ თავიანთ მუდმივ სივრცეს.
როგორც ვთქვით, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არიან რუსული ჯარები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები. როგორც ვთქვით, რუსეთმა ათობით ათასი, ასი ასათამდე ჯარისკაცი განალაგა უკრაინის საზღვართან და ეს დროის მცირე მონაკვეთში მოხდა.
ეს არის 2014 წლის კურსის გაგრძელება, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, წააქეზა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას. ეს არის რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში შეჭრილია მეზობლების და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე და დაწყებული აქვს კონფლიქტი.
სია გრძელია, არ მაქვს დრო, ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. ეს არის რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ერეოდა დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის, თავისივე ქვეყნის არჩევნებში. ისინი იყენებდნენ ქიმიურ იარაღებს. მოაწყვეს კიბერშეტევები, სხვა ტიპის თავდასხმებთან ერთად, იარაღად ენერგეტიკას იყენებენ.
ამიტომ, უნდა გვაპატიოთ და გაიგოთ ჩვენი სკეპტიციზმი, როცა რუსეთისგან გვემის, რომ ისინი მხოლოდ წვრთნებს ატარებენ და რომ ეს შეშფოთების საფუძველი არ უნდა იყოს. ჩვენ გვსურს დეესკალაციის ნიშნების დანახვა და რა თქმა უნდა, დეესკალაციის ნიშანი იქნება მათი ჯარების მუდმივ ბაზებზე დაბრუნება". - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა.
10 იანვარს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრები დაიწყო. მოლაპარაკებების თემა უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარებია - რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეჭრით იმუქრება და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, უკან წაიღონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
აშშ აცხადებს, რომ არ დაუშვებს, რუსეთმა დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა.
- წაიკითხეთ, როგორ დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა 10 იანვარს.