აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აბობს, რომ "საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი რეფორმების შეფერხებამ ან უკან დახევამ, უკუსვლა გამოიწვია". ამის შესახებ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრაისს ჟურნალისტმა ჰკითხა, "რამდენად შეშფოთებულია აშშ საქართველოს აშკარა გადახრით რუსეთის ორბიტისკენ", რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აშშ შეშფოთებულია, რადგან მთავრობის ქმედებებმა გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში.
პრაისი მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით.
"ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკან დახევამ, უკუსვლა გამოიწვია. ამან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებების და უფრო ფართოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, შეფერხება გამოიწვია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ ქმედებებმა ასევე გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, რიტორიკა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით", - თქვა ნედ პრაისმა.