აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს G20-ის სამიტზე არ შეხვდება.
პრაისის თქმით, ყველამ კარგად ნახა ბალიზე, ივლისის G20-ის მინისტერიალზე, რომ რუსეთი იზოლირებული იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს ქვეყნები აგრძელებენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დაგმობას.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში. რაც შეეხება პუტინს, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.