საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ "საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას".
სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის.
"როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებელი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის.
"ამჯერად, ვარშავაში ჩემი ვიზიტი მაშინ ტარდება, როცა ჩვენ ყველა გარდამტეხ დროსა და ეპოქაში ვიმყოფებით. ეს მომენტი გარდამტეხია მსოფლიოსთვის, კიდევ უფრო ევროპისა და საქართველოსთვის. ევროპის შუაგულში უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია მიმდინარეობს, ომი უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 951 დღე (თუ არ ვცდები) და ეს ის დღეებია, როცა რუსეთმა ვერ შეძლო და ვერ შეარყია უკრაინელების მხნე ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ის, რაც რუსეთს ეგონა იქნებოდა მოკლე კამპანია (3 დღიანი თუ არ ვცდები) გაგრძელდა და დღემდე რუსეთმა ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, ამ დროს აღმოჩნდა თუ როგორია უკრაინის მიმართ ევროპის, დასავლეთის სოლიდარობა, რასაც ასევე არ ელოდება რუსეთი.
ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია.
ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთამენთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.