logo
ENG



პრეზიდენტი: არავის აქვს უფლება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ შემწყნარებლობას

13 იან 202123:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/13/5cghcltpf8xvk19.jpg

სალომე ზურაბიშვილი გურიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

"საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის  ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. 

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას. 

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა". - აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. 

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

მოგვიანებით, საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.  


close დახურვა