"ქვეყენაში არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელია", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს პარლამენტში გამოსვლისას, სადაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანება უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის მომდევნო ეტაპს ქვეყანამ თავი წარმატებულად გაართვას.
"ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ახლა, როდესაც პიკის ფაზაში შევდივართ, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება, სიტუაციის უფრო გართულებას გამოიწვევს. მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლის ქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს. მთავარი ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის იყოს ადგილები, როგორც ეს აქამდე შევძელით. ყველა მონაცემებიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მანვე კორონავირუსთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა ექიმებს და ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მაღალი თვითშეგნების მაგალითი აჩვენეს.
„მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი გვაჩვენა. ზუსტად 1 თვე გავიდა, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. ამის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთის მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების და მეორე მხრივ ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. არ შეიძლება ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.