საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Georgian Airways-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ "ერთხელ მაინც" უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მისცეს.
ზურაბიშვილი ამით ეხმაურება მოქალაქეების განცხადებებს იმაზე, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისრაელიდან თბილისში დაბრუნება ბევრს სურს, თუმცა აირზენას ბილეთების ფასები ძალიან გაზრდილია.
"ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ"- აცხადებს ზურაბიშვილი.
დღეს, 9 ოქტომბერს კომპანია Georgian Airways-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ბილეთების გაზრდასთან დაკავშირებით "ობიექტურობას მოკლებულია".
კომპანია ირწმუნება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული "სქრინები" ბიზნესკლასისაა.
"ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს, ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე"- აცხადებენ კომპანიაში.