logo
ENG



პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი

13 ოქტ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ინფორმაცია მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დაუდასტურა.

"პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება, გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს ანუ ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი. [...]

50-60 გვერდზე მეტია და შესაბამისად, თქვენც რომ იყოთ ასეთი ტექსტის ავტორი, თქვენც დაგჭირდებოდათ ყველა ვარიანტში უფრო მეტი დროც კი. ქალბატონი ევა გოცირიძე ძალიან გამოცდილი იურისტია და მან ამ ტექსტის დაწერას მაქსიმალურად მინიმალური დრო მოანდომა"- ამბობს ტურავა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა.

პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. 

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. 

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. 

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს. 

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

 


close დახურვა