logo
ENG



პრეზიდენტის რეზიდენციის მოსაწყობად სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

19 ნოე 201919:44
3 წუთის საკითხავი
 
g51hil25hsvk8pb.jpg

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან თითქმის სამი მილიონი ლარი დახარჯა. 

აქედან ანტიკვარიატის შესყიდვისთვის მილიონ ორასი ათასი ლარი გამოიყო, ზურაბიშვილის მიერ შერჩეული ანტიკვარიატიდან ყველაზე ძვირადღირებული რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული ჭაღია.

შესყიდულ ანტიკვარიატს შორის ქართული წარმომავლობის არც ერთი არაა. 25 ევროპულია, 11 ფრანგული, 6 რუსული, 3 ირანული, 2 შუააზიური. სია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შეადგინა. ნივთები ეროვნულმა მუზეუმმა ორ დღეში შეისწავლა და ღირებულება შეაფასა.  შესყიდვასთან ერთად პრეზიდენტმა ნივთების რესტავრაციაც საკუთარ თავზე აიღო და ჯამში,  255 000 ლარი გადაიხადა. ანტიკვარიატის მაღაზიებში თანხმდებიან, რომ ყველა ნივთი ძვირადღირებული და იშვიათია. მათი უმრავლესობა ოჯახებშია შეძენილი.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის სასახლე ბიძინა ივანიშვილის ხშირი კრიტიკის ობიექტი სწორედ იმის გამო იყო, რომ მისი მტკიცებით, შენობის შენახვა ბიუჯეტს ძვირი უჯდებოდა. შესაბამისად ათონელზე სალომე ზურაბიშვილის გადასვლას ქვეყნის ბიუჯეტი უნდა დაეზოგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასშტაბურ შესყიდვას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ადმინისტრაციის ანტიკვარიატით მოწყობასა და მასში დახარჯულ თანხებში პრობლემას ვერ ხედავენ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ადმინისტრაცია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

  

 


close დახურვა