logo
ENG



პრეზიდენტმა მიშელი საქართველოში მოიწვია - მან ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა

30 მაი 202317:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/ki90gpgh1zx1uzl.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.

ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. 

საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ  ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. 

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს. 

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი  მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას.

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს ქართული ოცნების განცხადების ფონზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ მოქმედებს და კარგავს ლეგიტიმაციას.


close დახურვა