logo
ENG



პრეზიდენტს უზრდიან ბიუჯეტს, რომ ანტიკვარიატით შეავსოს ადმინისტრაცია-აბესაძე

16 ოქტ 201908:42
3 წუთის საკითხავი
 
ydd5ug3jjhwkz70.png

პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტს კენჭს უყრიან. ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2 მილიონ ორასი ათასი ლარით, 8 მილიონ ლარამდე იზრდება. იზრდება ასევე სხვადასხვა სამინისტროების ხარჯებიც. ოპოზიცია ბიუჯეტის კორექტირებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, ლარის გაუფასურების რისკს უფრო გაზრდის. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას არ დააზარალებს.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ შიდა ვალის აღებით, ხელისუფლება ხელს შეუწყობს მეტი ზეწოლის განხორციელებას ეროვნულ ვალუტაზე.  

"სხვა საკითხია ეს აღებული ვალები როგორ უყაირათოდ იფლანგება და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის 2 მილიონით ხარჯების გაზრდა მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ყველა საზღვარგარეთულ ვიზიტზე, ქვეყანა ლოცულობს, რომ რაიმე ისეთი არ თქვას, რითაც დააზიანებს ქვეყანას,"-ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას არ ემხრობა "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრი ირაკლი აბესაძე. იგი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ტრადიციას არ არღვევს და ცვლილებებს ბიუჯეტში საკუთარი ბიუროკრატიული ხარჯების მიხედვით ახორციელებს. 

"როგორც ყოველთვის "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტები, მათ შორის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილება მორგებულია "ქართული ოცნების" ბიუროკრატიას. მაგალითად ანტიკვარების მოყვარულ პრეზიდენტს უმატებენ 2 მილიონ 200 ათას ლარს როგორც აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მან ფრანგული ანტიკვარიატით შეავსოს ადმინისტრაციის შენობა,"-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა საჭიროა და მმართველი გუნდი პროექტს მხარს დაუჭერს.


close დახურვა