logo
ENG



პრემიერმა არ იცის მოხვდება თუ არა 2020 წლის საარჩევნო სიაში, რომელსაც ივანიშვილი წერს

10 ივნ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდში პარტიულ სიაზე საუბარს არ ჩქარობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა თავადაც არ იციან, ვინ შეძლებს შეინარჩუნოს ადგილი ოლიგარქის ფავორიტებს შორის.

„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ კვოტების ცნება არ არსებობს და ჯერ მაჟორიტარების შერჩევა მოხდება, ამის შემდეგ კი დაკომპლექტდება პარტიული სია. რომელ ჩამონათვალში მოხვდება ამ ორიდან მოქმედი პრემიერი, არ ამბობს, ან ამ დრომდე მისთვისაც უცნობია. 

ქვეყნის პრემიერმა არ იცის მოხვდება თუ არა 2020 წლის საარჩევნო სიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წერს. გიორგი გახარიამ დღეს მედიას უთხრა, რომ მმართველი პარტიის სიაში გარანტირებული ადგილი არავის აქვს. ე.წ კვოტებით, რომლითაც 2016 წლის საარჩევნო სია დაკომპლექტდა, კვოტები არავის ექნება და სიაში მოხვდება ის, ვისაც ივანიშვილი გადაწყვეტს. „ფორმულას“ ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.

პრემიერის პათოსი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც გაიმეორა. მამუკა მდინარაძე, რომელსაც ქართული ოცნების სიაში გარანტირებული ადგილი აქვს, ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მაჟორიტარების ვინაობა გაირკვევა, ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიაც დაიდება.

მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე, რომელთა კვოტებითაც 2016 წელს საკანონმდებლო ორგანოს ძირითადი შემადგენლობა დაკომპლექტდა დღეს ასეთი კვოტების არსებობას უარყოფენ.

„ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს დემარშით წასული დეპუტატები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობენ დღეს ამბობენ, რომ 2016 წლისგან განსხვავებით ახლა თავად პარტიის თავმჯდომარე წერს სიას. დეპუტატები აზრით ივანიშვილი მიხვდა, რომ ოცნების ბევრმა დეპუტატმა იმედები არ გაამართლა. წასულებს უჭირთ თქმა, ვინ შეიძლება ჩაუდგეს ქართული ოცნების სიას სათავეში.

ვის ჩასვამს სიაში ბიძინა ივანიშვილი და იქნება თუ არა სიის სათავეში მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის ვინც ივანიშვილის დავალებებს შეასრულებს სიაში იქნება.  

ვისზე დადებს ფსონს 2020 წლის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საარჩევნო სიას თავად წერს ჯერ უცნობია.


close დახურვა