პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, დაუშვილი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება.
„მოგეხსენებათ, რომ ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში კიდევ არსებობს. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მხარდაჭერა ბიზნესის იქ, სადაც კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ამოცანას თავს გაართმევს. ასევე, მინდა ყველა ბიზნესმენს მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მიხეილ დაუშვილის კაბინეტში იქნება მიტანილი, რამდენიმე წუთში პრემიერ-მინისტრის კაბინეტში იქნება მოხვედრილი. ამიტომ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან ითანამშრომლონ.