logo
ENG



პრიგოჟინი: დღეს უკრაინის ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია

24 მაი 202309:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/pp1cr5z0he4b2s3.jpg

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინული ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერია. მისი თქმით, რუსეთის ე.წ "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" უკრაინაში მთლიანად ჩავარდა.

მან ერთ-ერთ რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, კონსტანტინ დოლგოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა შეჭრით, არა ქვეყნის "დემილიტარიზაცია", არამედ პირიქით, უკრაინის მილიტარიზაცია მოახდინა.

პრიგოჟინის თქმით, თუ 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, პირობითად, 500 ტანკი ჰქონდათ, ახლა თავდაცვის ძალებს 5 000 ტანკი აქვთ. თუ მანამდე მაგალითად, უკრაინაში 20 000 ადამიანს შეეძლო ბრძოლა, ახლა მათი რაოდენობა 400 000-ს აღწევს.

"დღეს მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა - ჩვენ ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან ვიბრძოლეთ -დღეს უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარია. მათ ორგანიზებულობის მაღალი დონე აქვთ, წვრთნების მაღალი დონე, დაზვერვის მაღალი დონე, მათ აქვთ სხვადასხვა იარაღი. მეტიც, ისინი ნებისმიერ სისტემაზე, იქნება ეს საბჭოთა თუ NATO-ს ან ნებისმიერი - ერთნაირი წარმატებით მუშაობენ" - განაცხადა პრიგოჟინმა.

ვაგნერის ლიდერის თქმით, რუსების მეორე მიზანი, მოეხდინა უკრაინის "დენაციფიკაცია", ასევე სრულად ჩავარდა და ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

"ჩვენ უკრაინელები ვაქციეთ ერად, რომელსაც მსოფლიოში ყველა იცნობს. ეს ისევეა, როგორც ბერძნები საბერძნეთის აყვავებისას, როგორც რომაელები იყვნენ. ჩვენ უკრაინას ლეგიტიმაცია მივეცით, ის იქცა ქვეყნად, რომელსაც აბსოლუტურად ყველგან იცნობენ" - თქვა პრიგოჟინმა.


close დახურვა