logo
ENG



პროდასავლური ოპოზიცია ჯოზეფ ბორელსა და EU-ის მინისტრებს წერილით მიმართავს

18 ნოე 202413:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/18/1z3r6jqk9ucjnhg.jpg

4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია - კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართავს.

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

ერთობლივ წერილში ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის "გადაულახავი დაბრკოლება შექმნა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება EU-ში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ მოთხოვნებს".

წერილში ისინი აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, 52% მიიღო, ამის მტკიცებულებად კი კვლევითი ორგანიზაციების - Edison Research-ისა და HarrisX-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს, ასევე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ასახელებს.

ოპოზიციური პარტიები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ:

  1. მომდევნო 30 დღის განმავლობაში ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეფასების/ფაქტების დადგენის მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიცირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც ეუთო/ოდირთან კოორდინაციით იმუშავებს, რათა ჩაატაროს არჩევნების გაყალბების ყოვლისმომცველი გამოძიება და შეაფასოს საარჩევნო ინსტიტუტების ერთიანობა.

  2. მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, რომ 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე  არ მოიწვიოს. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოიწვევენ მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს საპარლამენტო ლეგიტიმურობის შესახებ.

  3. ნათელი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ჩატარების გამო;

  4. ამჟამინდელ მთავრობასთან ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრების გაუქმება; მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება; ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების შეჩერება;

  5. საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარებარების შეჩერება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო წელიწადში), ვიდრე გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი.

ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული შეთავაზება, თანხების ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე გადანაწილებაა.

ამასთან, ისინი მოითხოვენ, ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმები, შეიქმნას საგანგებო ფონდი ზეწოლის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის და ასევე, დემოკრატიული მედეგობისა და საარჩევნო კეთილსინდისიერების ხელშწყობისთვის შეიქმნას მხარდაჭერის პროგრამები.

"ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ნათელია: ახალი არჩევნების 2025 წელს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარება - პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით", - ვკითხულობთ წერილში.


close დახურვა