პროკურატურის ცნობით, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის საბურავებზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი.
უწყების განცხადებით, მანქანა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ჰიუნდაი ავტო საქართველოს წარმომადგენლებმა და ოჯახის ადვოკატმა თამარ ბაჩალიაშვილის 31 აგვისტოს დაათვალიერეს.
როგორც პროკურატურა ამბობს, დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი Hyundai Accent-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ პულტით. ხოლო სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.
"გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ ის არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი".- აცხადებს უწყება.
პროკურატურის ცნობით, ავტომობილთან დაკავშირებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში, თავის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 4-დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და გამოძებას ეფექტიანად მუშაობისკენ მოუწოდეს. მომდევნო დღეს, 23 ივლისს, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. გარდაცვლილის ცხედარიც იმავე დღეს იპოვეს.
ოჯახი ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და ცხედარი 5 დღის განმავლობაში პოვნის ადგილას არ ყოფილა და ის იქ მოგვიანებით მიიყვანეს. ოჯახისვე განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.