logo
ENG



პროკურატურა: ჩვენი სახელით მოქალაქემ თანხის თაღლითურად დაუფლება სცადა

10 თებ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა: ჩვენი სახელით მოქალაქემ თანხის თაღლითურად დაუფლება სცადა

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი იდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მოქალაქე თ.ჭ დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისში თ.ჭ., დაზარალებულს დაჰპირდა, რომ თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც  მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 5 500 აშშ დოლარს.

თ.ჭ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნება.


close დახურვა