15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, გამომძიებელ მარინა ჩოლოიანს ბრალი, ჩვენების მიცემის იძულების მუხლით წაუყენეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადება სუცვლელად გთვააზობთ:
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩოლოიანი, ბავშვის გარდაცვალებიდან მალევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა, რა დროსაც ის ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ის ამ დრომდე საავადმყოფიში რჩება, შესაბამისად, ბრალიც იქ წარედგინება.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.