logo
ENG



პროკურატურა ბნელ ოთახში ეძებს შავ კატას - ოპოზიცია გვარამიასთვის ბრალის დამძიმებას აფასებს

02 ნოე 201913:53
3 წუთის საკითხავი
 
fvey93c4e66uqsh.jpg

პროკურატურა ბნელ ოთახში ეძებს შავ კატას - ასე აფასებენ ოპოზიციაში ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების საკითხს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალოვანმა უწყებამ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების გადაფარვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

"პროკურატურა ეძებს სისხლის სამართლის ნიშნებს იქ ​სადაც საერთოდ არ არის. იქ არის ჩვეულებრივი სამოქალაქო სახელშეკრულებო ურთიერთობები და გამოდის, რომ პროკურატურა ბნელ ოთახში ეძებს შავ კატას, როდესაც შავი კატა იქ საერთოდ არ არის," - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ალექსანდრე ბარამიძემ.

საკითხზე კომენტარს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანიც აკეთებს. მისი განცხადებით, რომელი მხარეც არის ამ შემთხვევაში მართალი, მას ძალიან მარტივად შეუძლია დაამტკიცოს თავისი სიმართლე.

"ძალიან იოლი დასამტკიცებელია ახლა ეს, თუ ვინ იყიდა ეს მანქანა, ვის საკუთრებაშია და იზარალა თუ არა ტელეკომპანიამ. რომელი მხარეც არის ამ შემთხვევაში მართალი, მას ძალიან მარტივად შეუძლია დაამტკიცოს თავისი სიმართლე იმიტომ, რომ ყველაფერი ეს დოკუმენტურად არის დარწმუნებული ვარ გაფორმებული," - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი მანქანის ეპიზოდით დაუმძიმა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გვარამიას ოჯახს “ფაქტობრივ საკუთრებაში” რუსთავი 2-ის ხარჯზე ძვირადღირებული მანქანა ჰქონდა.

 


close დახურვა