ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცებას მწვავე შეფასება მოჰყვა მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ შერჩევის პროცესი მხოლოდ ფორმალობა იყო.
შოთაძის დანიშვნას შეცდომას უწოდებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ და ამბობენ, რომ შოთაძე პარტიული პროკურორი იქნება.
„პროცესი იყო ფარსი და თავიდანვე ვიცოდით, რომ გაიმარჯვებდა შოთაძე. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ხმა მას მისცემს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა", - აცხადებს ეკა გიგაური.
პარტიულს უწოდებს შოთაძის დანიშვნას გიორგი მშვენიერაძეც.
„ის დაინიშნა პარტიისადმი ლოიალურობის გამო და პროკურატურა იქცევა კიდევ უფრო მეტად დევნის ბერკეტად", - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
პოლიტიკური გავლენების გაზრდას ვარაუდობენ EMC-შიც. გურო იმნაძე ფიქრობს, რომ პროკურატურა იქნება პარტიული ინტერესების გამტარებელი.
„ასეთი პროკურორი არ სჭირდება ნორმალურ სახელმწიფოში პარლამენტს. პროკურატურა იქნება პარტიული ინტერესებით მოტივირებული. არ გვაქვს მოლოდინი, რომ შოთაძე თავს დააღწევს პოლიტიკურ გავლენებს", - აცხადებს გურო იმნაძე.
ირაკლი შოთაძეს უწყების ხელმძღვანელის პოსტი პარლამენტმა 6 წლის ვადით ჩააბარა. ასე იყო 2015 წელსაც, თუმცა არჩევიდან 2 წელში, ხორავას საქმის გამო, სამოქალაქო პროტესტის ფონზე მან უწყება დატოვა.