logo
ENG



პროკურატურა ჰააგაზე: დაკავების განჩინებები გაეგზავნება რელევანტურ სახელმწიფოებს

11 მარ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

გუშინ, 10 მარტს, ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების ორდერები გამოსცა

"2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის  გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც,  რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობით მიმართა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის  განცხადებით, დანაშაულის ჩადენაში,  უშუალოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მინძაევი - დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში,  ჰამლეტ გუჩმაზოვი - დე-ფაქტო შს  სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი და დავით სანაკოევი - ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ წარდგენილი დაკავების შუამდგომლობა ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს.

პროკურორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში. თუმცა იგი ამჟამად გარდაცვლილია. წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა.

ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურორის სტანდარტების შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად და ხელმძღვანელობდა მხოლოდ მოპოვებული მტკიცებულებებითა და რომის სტატუსით განსაზღვრული ვალდებულებებით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა