logo
ENG



პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 2 პოლიციელს, რომლებმაც სხვადასხვა დროს დაკავებულებს სცემეს

31 აგვ 202217:16
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 2 პოლიციელს, რომელმაც სხვადასხვა დროს დაკავებულებს სცემეს.

ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შენობის ერთ-ერთ ოთახში მყოფ დაკავებულ პირს სახეში ხელი დაარტყა. 

პოლიციელი 30 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ასევე დაკავებულია აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ მან 2022 წლის 31 ივლისს საპატრულო პოლიციის მანქანაში დაკავებულ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 27 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა.

პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ ის 10-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ბრალდებამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.


close დახურვა