logo
ENG



პროკურატურამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო-თურქეთის 9 მოქალაქის პროცესი დაიწყო

03 ივნ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, შეეფარდებათ თუ არა მათ პატიმრობა. 

ბრალდებულთა ადვოკატები კი საქმის დეტალების გასაჯაორებისგან ამ დრომდე თავს იკავებენ, თუმცა ისინი მოითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები გათავისუფლნენ. მათივე თქმით, პროკურატურამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იჩქარა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე აქვს ბრალი წაყენებული. იცით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ზოგადად ვიტყვი, რომ პროკურატურას გადაწყვეტილება ნაჩქარევად აქვს მიღებული და სიმართლის გარკვევის შემდეგ 9 პირიდან ბევრი გათავისუფლდება",-აცხადებს დათუნა მოდებაძე.

რაც შეეხება ბრალდებულების ტერორიზმთან კავშირს, ადვოკატი ამ ფაქტს გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ მათ ეს მუხლიც მოეხსნებათ. დაკავებულთა უფლებადამცველები არ საუბრობენ არც იმ საკითხზე, თუ რა გზით შემოვიდა 9 პირი.

"ვიცავ ძმების ინტერესებს და გამოძიება მათ ედავება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი",-აღნიშნა ელდარ დვალია.

შეგახსენებთ, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ბათუმში ცხრა პირი გუშინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 


close დახურვა