logo
ENG



პროკურატურამ კასპის სპეცოპერაციისას დაკავებულ მენაბდიშვილს ბრალდება წარუდგინა

18 იან 202114:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/18/ckxk4dq035lte8k.jpg

კასპის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს პროკურატურამ ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდებისთვის ბრალდება წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მენაბდიშვილი 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და ,"ი’" ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

გუშინ, 17 იანვარს მენაბდიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მან ასევე უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე და იყენებს დუმილის უფლებას. დაკავებული შიმშილობას დღესაც აგრძელებს და უარს აცხადებს პრეპარატების მიღებაზეც.

ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი მენაბდიშვილმა გუშინ, 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში, რომლის წილსაც თავადვე ფლობს, მძევლები აიყვანა. ის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში გადაყვანას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ოჯახის წევრების თქმით, მას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მენაბდიშვილმა სამსახურიდან [ქვის საამქროდან, რომლის 10%-იან წილს ფლობდა], გაათავისუფლა პირი, რომელმაც საქმეში სწორედ კრიმინალები ჩართო და მუქარებიც ამის შემდეგ დაიწყო.

ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის პოლიციას, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს, თუმცა, უშედეგოდ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ უწყებაში გამოძიება დაწყებული იყო ყოფილი პოლიციელის მიმართ მუქარის ბრალდებით.


close დახურვა